შემოდგომა მოვიდა, წვიმებიც გახშირდა და ქალაქში გუბეების რაოდენობამაც იმატა. თუ ჰიბრიდული ავტომობილით გადაადგილდებით, ალბათ იცით, რომ საწვავის ეკონომია და კომფორტი მისი მთავარი პლუსებია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ჩუმ «მტერს» წარმოადგენს შემოდგომის უხვი ნალექი და ტენიანობა ჰიბრიდის ელექტროობისთვის.
ბევრს ჰგონია, რომ წყალი ელემენტამდე ან ელექტროპლატამდე მხოლოდ მაშინ აღწევს, თუ ღრმა გუბეში ჩავარდებით. სინამდვილეში, პრობლემა ხშირად ბევრად მარტივი და შეუმჩნეველი მიზეზით იწყება: გაჭედილი სადრენაჟე არხებით.

ჰიბრიდების უმრავლესობაში მაღალვოლტური ელემენტი და მასთან დაკავშირებული ელექტროობა სწორედ საბარგულის ნაწილში ან უკანა სავარძლების ქვეშ არის განთავსებული.
ფოთლებმა, მტვერმა და ჭუჭყმა დროთა განმავლობაში შესაძლოა გაჭედოს:
ლუკის სადრენაჟე მილები;
საბარგულის ხუფის რეზინები;
უკანა ფარების სამაგრების მიდამოები.
როცა წყალს გამოსასვლელი გზა ჩაკეტილი აქვს, ის ნელ-ნელა პოულობს ალტერნატიულ შიდა გზას და ჩადის… პირდაპირ საბარგულის ძირში. ვინაიდან ეს ადგილი ხალიჩითა და ხმის იზოლაციითაა დაფარული, მძღოლი თვეობით ვერც კი ამჩნევს, რომ სათადარიგო საბურავის გვერდით ან ელემენტის ქვეშ წყალი გროვდება.
წყალი და მაღალი ძაბვა, ბუნებრივია, საუკეთესო მეზობლები არ არიან.
ჟანგი და კოროზია: ტენიანობა აზიანებს ელემენტის ბლოკებს, კონტაქტებსა და ელექტროპლატას. შედეგად, იწყება კოროზია, რაც ელექტროენერგიის გაჟონვას და სისტემურ შეცდომებს იწვევს.
მოკლე ჩართვა: თუ წყლის დონემ მოიმატა, არსებობს მოკლე ჩართვისა და ელექტროობის სრული მწყობრიდან გამოსვლის სერიოზული რისკი.
ძვირადღირებული რემონტი: ელექტროპლატის ან ელემენტის სექციების შეცვლა/აღდგენა საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული — არადა, ამის თავიდან აცილება უბრალო დროული შემოწმებით იყო შესაძლებელი.
შეამოწმეთ საბარგულის ძირი: ჩაიხედეთ ხალიჩის ქვეშ. თუ იქ ტენიანობას, ნესტის სუნს ან წყლის წვეთებს შეამჩნევთ, ეს უკვე განგაშის სიგნალია.
გასუფთავეთ სადრენაჟე არხები: განსაკუთრებით მაშინ, თუ ავტომობილს ხშირად აჩერებთ ხეების ქვეშ.
ჩაატარეთ პრევენციული დიაგნოსტიკა: შემოდგომის სეზონზე სასურველია, სპეციალისტმა შეამოწმოს როგორც ელექტრობის მდგომარეობა, ისე სადრენაჟე სისტემა.
გახსოვდეთ: ჰიბრიდში პატარა გაჟონვაც კი დროთა განმავლობაში დიდ პრობლემად გადაიქცევა.